შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
"ეს არის ჩვენი ეროვნული ტრაგედია. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის გმირები.მე კიდევ ერთხელ მთელი გულით ვუერთდები და ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე 13 მაისს, აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. ძლიერი აფეთქების შედეგად ტერორისტთა 5-კაციანი ჯგუფი ბაზაზე შეიჭრა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს. შეტევის მოგერიებისას დაიღუპნენ კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა.