სებ-ს ის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მოიქცა ისე, როგორც კანონით იყო განსაზღვრული და გააკეთა ის, რაც ევალებოდა, აღნიშნულის შესახებ განცხადება სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ გააკეთა, რომელმაც დღეს პრემიერ-მინისტრის განცხადება შეაფასა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა გიორგი ქადაგიძის ბოლო დროინდელ განცხადებებს, პოლიტიკური სტატუსი მიანიჭა.
„სებ-ი ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის ეფექტურ განხორციელებაზეა ორიენტირებული. სებ-ის პრეზიდენტს არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია. ამ შემთხვევაში გიორგი ქადაგიძე მოიქცა ისე, როგორც კანონით იყო განსაზღვრული და გააკეთა ის რაც ევალებოდა. მან გააკეთა პროგნოზი, რომ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6 %-ს ვერ შეადგენდა. ის ვალდებულია მონეტარულ პოლიტიკას ყურადღება მიაქციოს და შესაბამისი ანალიზები მთავრობას მიაწოდოს.
ეკონომიკური განვითარების პროგნოზის გადახედვაზე და შემცირებაზე, ეს მხოლოდ გიორგი ქადაგიძის განცხადება არ ყოფილა, იგივე განცხადება გააკეთა EBRD-მაც, რომელმაც პროგნოზი 5 %-დან 3 %-მდე შეამცირა. ასე, რომ პრემიერის მხრიდან გიორგი ქადაგიძის მიმართ გამოთქმული საყვედური, რბილად, რომ ვთქვათ იყო - უსაფუძვლო. მოველოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი მადლობას იტყოდა იმისათვის, რომ სებ-ი მონიტორინგს სწორად ახორციელებს და მთავრობის წინაშე დააყენებდა საკითხს შემცირებაზე რაიმე კონკრეტული სტრატეგიის შემუშავებაზე"- განაცხადა ლევან კალანაძემ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში ეკონომიკურ სიტუაციას ვერ ფლობს.
„როგორც ვატყობ, ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკაში სიტუაციას ვერ ფლობს. ის ბოლომდე ვერ იაზრებს რა ხდება ეკონომიკაში და ძალზედ ზედაპირულად უყურებს საკითხებს. მეორეს მხრივ ის ძალიან, მე ვიტყოდი ზედმეტად თავდაჯერებულია და არანაირ სურვილი არ მაქვს, რომ მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა 2013 წლის ბოლოს გაუარესებული მაკროეკონომიკური პარამეტრების გამო ცხვირი წაიმტვრიოს"- აცხადებს კალანდაძე.
ლევან კალანდაძის განმარტებით, ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ატარებს მკვეთრად მემარცხენეა და ეს არის რუსული, ოლიგარქიული მოდელი, რომლის განხორციელებასაც პრემიერი საქართველოში აპირებს.
„ბიძინა ივანიშვილს უყვარს იმის თქმა, რომ შედეგეს არ უნდა ებრძოლო უნდა ებრძოლო მიზეზს- ეს მისი ფსიქოანალიზის შესაბამისი ინტერვიულად მახსოვს. ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი არის საოცრად არაადექვატური, როდესაც ცდილობს გაამართლოს და საზოგადოებას შელამაზებული ფორმით მიაწოდოს ის გაუარესებული მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელიც გვაქვს.
მიზეზი ყველაფრისა არის ის, რომ ქვეყანაში არის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ქვეყანამ შეცვალა ეკონომიკური კურსი და აიღო მკვეთრად მემარცხენე ორიენტაცია და აქცენტს ზოგიერთი სფეროს დაბევებაზე აკეთებს. ეს კი არის ბიზნესგარნვითარების რუსული, ოლიგარქიული მოდელი. ამ მოდელის ჩამოყალიბებას აპირებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში და მე არ მიკვირს ამ ყველაფრიდან გამომდინარე ბინზესს ნეგატიური მოლოდინები აქვს. ბიზნესი არ აქტიურობს, ინვესტიციები ქვეყანაში არ იდება, ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება. მოლოდინი ბიზნესისა არის მკვეთრად ნეგატიური და ეს ყველაფერი ნეგატიურ ასახვას პოვებს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. ბიზნესის პასიურობის მიზეზი არის თავად ბიძინა ივანიშვილი და ის მცდარი პოლიტიკა რომელსაც ის ატარებს საქართველოში. ეს მოდელი საქართველოს აუცილებლად ჩიხში შეიყვანს, თუ „ბუტკაში" არა"- აცხადებს კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან სებ-ის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ სებ-მა და სსფ-მა შესაძლოა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს. ქადაგიძემ მაშინ განაცხადა, რომ დღეისათვის არსებული მაკროეკონომიკური მონაცემები სებ-ს არ აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანა წლის ბოლოს 6 %-იან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გავა.
„საქსტატმა" გამოაქვეყნა 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემები. ჩვენ ასევე გვაქვს აპრილის წინასწარი მონაცემებიც. სამწუხაროდ ამ მონაცემების ერთობლიობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვივარაუდოთ, რომ ჩვენ წლის ბოლოს 6 %-იან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე გავალთ. ამისი მიზეზი ერთის მხრივ არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შენელება, ასევე ადგილობრივი ფაქტორი. მხედველობაში მაქვს ადგილობრივი ბიზნესის პასიურობა, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოსულა მოლოდინის რეჟიმიდან"- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. სსფ-ს მისია სებ-თან და საქართველოს მთავრობასთან უკვე მუშაობს და საბოლოო ანგარიშს კვირის ბოლომდე დადებს.
თავის მხრივ დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სებ-ის პრეზიდენტმა კეთილი ინებოს და პოლიტიკურური განცხადებების გაკეთებას თავი დაანებოს. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ის გიორგი ქადაგიძეს რამდენჯერმე შეხვდა და პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ქადაგიძემ მას „ქართუ ბანკზე" განხორციელებული ზეწოლის გამო პატიება სთხოვა. „მე მას აღვუთქვი, რომ რაც პირადულია და ჩემიდან მოდის მაქსიმალურად დავიცვა და ვიყო კორექტული. მას აქვს თავისი ფუნქციები და ბოლო დროს ვამბობდი, რომ ის ძალიან პოლიტიკური გახდა", - განაცხადა ივანიშვილმა.