პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებთან შეხვედრით კმაყოფილია. ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: სტუდენტებთან დღევანდელმა შეხვედრამ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა - ამდენ ახალგაზრდას ნამდვილად არ ველოდი და გამიხარდა, რომ დაინტერესება ძალიან დიდი აღმოჩნდა. ასეთი თბილი და შინაარსიანი შეხვედრა ახალგაზრდებთან დიდი ხანია არ მქონია. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო საუბარი შედგა და შეკითხვები ყველა მიმართულებით დაისვა. მახარებს, რომ სტუდენტების დონე ყოველწლიურად იზრდება. ჩემო ძვირფასებო, მადლობას გიხდით იმ კეთილგანწყობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ გამოიჩინეთ, მათ შორის, იმ რამდენჯერმე დაკრული თაშისთვის, რომელიც არ მგონია, რომ ჯერ ბოლომდე დავიმსახურე.ასევე მადლობელი ვარ იმ მცირე ჯგუფისაც, რომელიც შეხვედრაზე თავიდანვე პროტესტის გამოსახატად, პლაკატებით და სასტვენებით იყო მოსული. მთელი შეხვედრის განმავლობაში მათ ხელი არ შეუშლიათ და შეკითხვებსაც კი სვამდნენ. ის, რომ დარბაზი მათ მხოლოდ დასასრულისკენ დატოვეს, იმის მანიშნებელია, რომ ჩემმა საუბარმა ისინიც დააინტერესა", -ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები