დღეს, 23 თებერვალს, თბილისის უმეტეს საბავშვო ბაღებში სწავლა ერთი დღით შეწყდა. მიზეზი ძლიერი ქარია, რომელიც უკვე 24 საათზე მეტია დედაქალაქში მძვინვარებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მერიაში განუცხადეს, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლის ერთი დღით შეწყვეტის გადაწყვეტილება უშუალოდ განათლების სამინისტროს არ მიუღია და შაშკინის უწყებამ და დედაქალაქის მერიამ შესაბამისი კომპეტენცია დაწესებულებების დირექციებს მისცა.
"ყველა საბავშვო ბაღის დირექციამ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა თუ არა სასწავლო პროცესი", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" მერიაში.
როგორც დედაქალაქის მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, გუშინდელ ძლიერ ქარს თბილისში არც ერთი საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობა და სახურავი არ დაუზიანებია.