შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე ოთხი პიროვნება: წარსულში ნარკოდანაშაულისა და ყაჩაღობისათვის ნასამართლევი გიორგი ვ, წარსულში ხულიგნობისთვის ნასამართლევი ანზორ შ, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი მიხეილ პ. და დავით ა. ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები რუსთავში, დავით-გარეჯის ქუჩაზე, მარკეტ „გარეჯში" შეიჭრნენ და ცივი იარაღის მუქარით გამყიდველს ფული მოსთხოვეს.
სამართალდამცველებმა ორი ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილზე, ხოლო დანარჩენი ორი - მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
დაკავებისას, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას ერთ-ერთი თავდამსხმელი გიორგი ვ. ფეხის არეში დაიჭრა.
გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" პუნქტებით, რაც 6-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).