გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე ბიზნესმენებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში პოლიეთილენის პაკეტების მსხვილი მწარმოებლები არიან. მინისტრმა მეწარმეებს „პოლიეთილენის ერთჯერადი პაკეტების ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შესახებ" კანონის შექმნის მიზანი და აუცილებლობა გააცნო და მათ პოზიციაც მოისმინა.
"შევხვდი ადგილობრივ მეწარმეებს, რომლებიც ე.წ. „ცელოფნის პარკებს" აწარმოებენ. ფაქტია, რომ ამ პრობლემას უნდა მოევლოს და ჩვენ არ გვინდა მივიღოთ ცალმხრივი გადაწყვეტილება. დაისახა კონკრეტული გეგმა, როგორ შეგვიძლია ერთის მხრივ გავაუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა, მეორეს მხრივ ვიფიქროთ სტანდარტებზე და თან არ დავაზარალოთ მეწარმეების ინტერესები. საუკეთესო იდეები და შემოთავაზებები მოვისმინე. ვფიქრობ, რომ მივალთ საბოლოო შედეგებამდე. ამ კვირაში შეიკრიბება სამუშაო ჯგუფი, ჩაერთვება ფინანსთა სამინისტრო და ფუნდამენტურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, უახლოეს მომავალში გამოსწორდება ამ მხრივ სიტუაცია", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
კანონპროექტის სამუშაო ვერსია ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პოლიეთილენის ერთჯერადი პარკისთვის მოსაკრებლის დაწესებას - ერთ ცალზე 0.2 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოში იმპორტირებული პროდუქციისთვის - ერთ ცალზე 0,3 ლარი.
ახალი კანონპროექტი სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში გადის მოსამზადებელ პროცედურებს. მეწარმეებისა და მთავრობის ინტერესბის შეჯერებით კანონი დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.