თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა აზერბაიჯანის მოქალაქე ნასიმ ა. ნარკოტიკული საშუალების რელიზაციისთვის, ხოლო საქართველოს მოქალაქე, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გიორგი ა. ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ა. თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე დააკავეს. მისი ავტომანქანის ჩხრეკისას 1,6662 გრამი „ოპიუმი" ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ნასიმ ა-სგან შეიძინა, რომლის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 25.4305 გრამი „ოპიუმი" ამოიღეს.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ორივე ბრალდებული დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება გიორგი ა-ს მიმართ საქართველოს სსკ ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვა), ხოლო ნასიმ ა-ს მიმართ - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღება) მიმდინარეობს.