თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ირაკლი ღ. და 1984 წელს დაბადებული ლევან ვ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ბრალდებულები კაზინო „შანგრილა"-ს ტერიტორიაზე დააკავეს. ლევან ვ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 205 აბი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი" ამოიღეს. ირაკლი ღ-ს პირადი ჩხრეკისას კი 15 აბი იგივე ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „მაკაროვი"-ს ტიპის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 8 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.
ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ორივე ბრალდებული დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ირაკლი ღ-ს მიმართ საქართველოს სსკ ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა) და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასაროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა), ხოლო ლევან ვ-მიმართ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა) „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. გამოძიებას თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები