სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების სამართალდარღვევის გზით შემოსვლის ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ, სომხეთიდან საქართველოში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ნომრით, "ვაზ 21 100" ტიპის მსუბუქი ავტომანქანა შემოვიდა, რომელსაც რუსეთის მოქალაქე
მართავდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ეჭვის საფუძველზე, ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, მანქანის
წინა მარჯვენა სავარძლის ქვეშ არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები, საერთო წონით 208,53 გრამი აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის ღირებულებამ, ექსპერტიზის დასკვნის
მიხედვით, 14066.20 ლარი შეადგინა. აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გაფორმდა და მოქალაქეს სანქციის სახით 14066.20 ლარი შეეფარდა.
იმავე მანქანით, საქართველოში სომხეთიდან რუსეთის ფედერაციის კიდევ
ერთი მოქალაქე შემოვიდა, რომელსაც ასევე
აღმოაჩნდა არადეკლარირებული
საქონელი, კერძოდ, ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები, საერთო წონით 81.65 გრამი. ნივთები
საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მძღოლის სავარძლის ქვეშ, სათვალის ბორდოსფერ ბუდეში აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის ღირებულებამ, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 3817,38 ლარი შეადგინა. აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე შედგა
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სანქციის
სახით მოქალაქეს 3817,38
ლარი შეეფარდა.