24 წლის მაგამედ მაგამედოვს ახლობლები მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ. ამ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ინფორმაციით, დაღესტნელი მოჯაჰედი მაგამედ მაგამედოვი თბილისიდან, 19 აპრილს, პარასკევს, დაახლოებით 12:40 საათზე გაუჩინარდა. რუსეთის ხელისუფლების მიერ მასზე ძებნაა გამოცხადებული, რის გამოც მაგამედოვმა 2013 წლის იანვარში საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მიღების მოთხოვნით მიმართა.
მაგამედ მაგამედოვი საქართველოში 2012 წლის მაისში, საქართველო - რუსეთის საზღვრის ლაფანყურის მონაკვეთის გავლით შემოვიდა. 6 თვის განმავლობაში მაგამედოვი პანკისის ხეობაში, ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლის ნათესავის ბინაში ცხოვრობდა. ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ მაგამედოვი საქართველოში არალეგალურად იმყოფებოდა.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2012 წლის 14 დეკემბერს, ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მაგამედ მაგამედოვი ბათუმში დააკავეს, სადაც ის მეგობართან იყო ჩასული. პროკურატურამ მაგამედოვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით წაუყენა, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას გულისხმობს. მაგამედოვს ამნისტია შეეხო და 14 იანვარს პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მანამდე დაღესტნელმა მოჯაჰედმა განცხადებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართა და თავშესაფრის მიღება ითხოვა. მაგამედოვი აღნიშნავდა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ იდევნებოდა განსხვავებული რელიგიური მრწამსის და შეხედულებების გამო, რის გამოც დაღესტანში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მაგამედოვი თბილისში, კაკაბაძის ქუჩაზე, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა. მისი ოჯახის წევრები საქართველოში თურქეთიდან ჩამოვიდნენ.
მაგამედ მაგამედოვის მეუღლე ქალიმან ბაგდანი იხსენებს, რომ მაგამედი ბოლოს პარასკევს, დაახლოებით 12:40 საათზე ნახა, როცა ის სახლიდან გავიდა იმ მიზნით, რომ მეჩეთში უნდა წასულიყო სალოცავად.