დღეს, 22 თებერვალს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას გამართავს.
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის და ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირების ვიცე პრეზიდენტი მანანა ღურჭუმელიძე თბილისის პირველ საჯარო სკოლაში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება განათლების სამინისტროს მხრიდან მასწავლებელთა პროფკავშირთან რეალური სოციალური დიალოგის წარმოების იგნორირებას. განიხილება თუ რა ნაბიჯები გადაიდგა და რა საქმიანობები განხორციელდა ამ მხრივ დღემდე, რა მდგომარეობაა ახლა და რატომ არის დიალოგის წარმოების მცდელობა ცალმხრივი.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პროფკავშირის საქმიანობაში ჩარევების და მასწავლებლებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები. ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში განათლების დონესთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევებზე.