ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ პატიმრების მიმართ განხორციელებული ცემა-წამების ბრალდებით რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, N16 დაწესებულების დირექტორის ყოფილ მოადგილეს დავით მუმლაძეს, დირექტორის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომელიც დირექტორის მოვალეობასაც ასრულებდა ვაჟა ცხვედიანს და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორს იონა ლუტიძეს ბრალად პატიმრების ცემა-წამება და დამცირება ედებათ.
განცხადების თანახმად, აღნიშნული პირები ორაგნიზებას უწევდნენ და უმეტეს შემთხვევებში, მსჯავრდებულთა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და დამცირებას უშუალოდ ახორციელებდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, მათი ქმედება მიზნად ისახავდა პატიმრების დაშინებას და იძულებას - შეესრულებინათ ან უარი ეთქვათ რაიმე ქმედების შესრულებაზე, ასევე დასჯას მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის.
"გამოძიებით დადგინდა, რომ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიღებისას, მათი დათრგუნვისა და დემორალიზების მიზნით, უშუალოდ დავით მუმლაძის და ვაჟა ცხვედიანის ხელმძღვანელობით ხდებოდა მსჯავრდებულთა სპეცრაზმის მიერ გაკეთებულ ე.წ კორიდორში გატარება, რა დროსაც მათ აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც, მათ აშიშვლებდნენ და აიძულებდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე ერბინათ", - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულებს სარკმელებს და საკნის კარებს სისტემატურად უკეტავდნენ, რათა პატიმართა საუბრებს მათთვის ფეხბურთის თამაშში ხელი არ შეეშალათ და ამასთანავე, მაღალი სიცხის გამო, მსჯავრდებულები ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვის ქვეშ ყოფილიყვნენ.
მათივე თქმით, დაკავებულ პირებს ბრალდებები უკვე წარედგინათ. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე რუსთავის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.