წლის ბოლომდე ხონის და მარტვილის რაიონების გაზგამანაწილებელ ქსელში 22 ათასი აბონენტი ჩაერთვება. მარტვილში გაზის ფაკელი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად აანთო. საზეიმო ცერემონიალს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ზაზა გოროზია და "იტერა-საქართველოს" ხელმძღვანელები დაესწრნენ.
საპრეზიდენტო პროგრამის "გაზი ყველა სოფელში" ფარგლებში სს "იტერა-საქართველომ" და შპს "სამტრედიაგაზმა" 22 კილომეტრიანი საშუალო წნევის გაზსადენის ხონი-მარტვილის მშენებლობა დაასრულეს.
მარტვილში ბუნებრივი აირის მიღების საშუალება 11 000-მდე აბონენტს მიეცემა. მათ რიცხვს მიემატება ხონის რაიონის სოფლების: ივანდიდი, კონტუათი, მათხოჯი და მარტვილის რაიონის სოფლების: ნაგვაზაო, ლეციცხვაიე, ლეხაინდრაო, ნაჯახაოს მაცხოვრებლები.
კომპანია "იტერა-საქართველო" აგრძელებს გამანაწილებელი ქსელების მშენებლობას ხონის და მარტვილის რაიონებში. უახლოეს პერიოდში გაზგამანაწილებელ ქსელში ჩართვის საშუალება 22 000 აბონენტს მიეცემა.