ხელისუფლებას მეცხოველეობის განვითარების პროგრამა აქვს შესამუშავებელი, ამის შესახებ განცხადებას სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პოფესორი ლადო პაპავა აკეთებს. ლადო პაპავას განმარტებით, მეცხოველეობა ერთ-ერთი ურთულესი და მნიშვნელოვანი დარგია, თუმც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ დარგს ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს.
"ხელისუფლებას სპეციალურად შესამუშავებელი აქვს მეცხოველეობის განვითარების პროგრამა. ეს ერთ-ერთი ურთულესი და მნიშვნელოვანი დარგია და დღეს ვერ ვიტყოდი, რომ ამ მიმართულებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჯეროვან ყურადღებას აქცევს. თუმცა ამას მთიანი რეგიონებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვიცით, რომ ბოლო წლებში ჩამოყალიბდა საკმაოდ დიდი მოთხოვნა ქართულ ცხვარზე და გაუაზრებელმა ექსპორტმა უარყოფითი ასახვა ჰპოვა მის სულადობაზე. ამიტომ დღეს სერიოზული მნიშვნელობა აქვს მეცხვარეობის განვითარებას, საერთოდ მესაქონლეობის განვითარებას. მეცხოველეობის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის და ამას სპეციალური პროგრამაც ესაჭიროება"- აცხადებს პაპავა.
ექსპერტი აცხადებს, რომ მისი დამოკიდებულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ კრიტიკულია.
"ჩემი დამოკიდებულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ არის კრიტიკული, მაგრამ იმავდროულად პოზიტიური. კი შეიძლება უშვებდნენ გარკვეულ შეცდომებს და ყველაფერი გააზრებული არ იყოს, მაგრამ იმდენი უმოქმედობა, რაც იყო სოფლის მეურნეობაში 8-9 წლის განმავლობაში, შეიძლება პირობითად ვთქვათ, რომ "აგრარული აპათია" დამკვიდრდა ქვეყანაში, ეს დანაშაულია ისეთი ბუნებრივ-კლიმატური პირობების მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. კარგია, რომ დღეს აქტიურობა არის! სოფლის მეურნეობაში დრო არის საკმაოდ ფასეული, იმიტომ რომ თუ რაღაც სამუშაოს დააგვიანებ მერე მთელი წელია ჩავარდნილი. მართალია, სწრაფი მოქმედებისას სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ვინც არაფერს არ აკეთებს არც შეცდომებს არ უშვებს"- აცხადებს ლადო პაპავა.