19 აპრილის მოლოდინი ხელოვნურად არის გაზრდილი, ამ დღეს არაფერი მოხდება, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სამინისტროს აქვს ინფორმაცია, რომ გარკვეულ
ჯგუფებს სურთ პროვოკაციის მოწყობა, არეულობა, მათი სურვილია, პოლიციამ ძალა გამოიყენოს და თქვან, რომ პოლიციამ სათანადოდ ვერ დაიცვა მოსახლეობა.
"თუმცა მინდა გითხრათ, რომ 19 აპრილის მოლოდინი ხელოვნურად არის გაზრდილი, ამ დღეს არაფერი მოხდება. აქ მთავარია სხვა რამ, _ იმდენად დესტრუქციული მესიჯები უდევთ ამ კამპანიაში, მე მინდა შევახსენო ვანო მერაბიშვილის განცხადება საზოგადოებას, სადაც ამბობს, _ ამ მთავრობას ოთხი წელი ვერ ავიტანთ, ვერ ვაცდით და რაღაცა უნდა მოვიფიქროთ... ეს უკვე შინაარსით არის დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული განცხადება. ასევე, განცხადება იმის შესახებ, რომ 19 აპრილის შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვლება, ეს არის დესტრუქციის შემცველი, პროვოკაციული შინაარსის განცხადებები. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ჩვეული მოთმინებით ვუსმენთ, ძალიან კარგად ვაკვირდებით მათქმედებას და ვაცხადებ, რომ არ დავუშვებ რაიმე სახის პროვოკაციას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან კარგი პრევენციული გეგმა გვაქვს შემუშავებული და რისკები _ მინიმუმამდე დაყვანილი, რომ ი სასაცილო პროვოკაციები არ მოაწყონ, 8 თებერვლის მსგავსი, რაც ჩვენ "ეროვნულ ბიბლიოთეკასთან" ვიხილეთ. ვისარგებლებ შემთხვევით და გაზეთ `ქრონიკის~ საშუალებით მოვუწოდებ მოსახლეობას. მესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანია `ნაციონალების~ მიმართ აგრესიული, მაგრამ მათ თხოვნით მივმართავ: მეც ერთ-ერთი რეპრესირებული ვარ წინა ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ დღეს უკვე მე ვარ
შინაგან საქმეთა მინისტრი და პასუხს ვაგებ ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ბანაკში, რომელ მხარეს იდგება მოქალაქე. ჩვენ ვალდებულნი ვართ და პასუხისმგებელნი, დავიცვათ ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოება, მათი პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ მაქსიმალურად თავი შეიკავონ და არ შევიდნენ კონფლიქტში, არ წამოეგონ
პროვოკაციებს 19 აპრილს", - აცხადებს ღარიბაშვილი.