შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით, 1949 წელს დაბადებული ანზორ ჩ. და 1954 წელს დაბადებული თამაზ ხ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ანზორ ჩ-მ მოქალაქეს დიპლომის დამზადების სანაცვლოდ 2800 ამერიკული დოლარი მოსთხოვა, ამ თანხიდან 300 დოლარი ავანსად დაიტოვა, ხოლო დიპლომის დამზადება თანამზრახველს, ერთ-ერთი გაუქმებული უმაღლესი სასწავლებლის ყოფილ რექტორ თამაზ ხ-ს სთხოვა.
სამართალდამცველებმა ანზორ ჩ. მეტროსადგურ „მარჯანიშვილი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა მან მოქალაქეს დარჩენილი 2500 აშშ დოლარი გამოართვა და დამზადებული ყალბი დილპომი გადასცა, ხოლო თამაზ ხ. ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს.
თამაზ ხ-ს ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მოქალაქის მიერ გადახდილი 300 აშშ დოლარი, მისი 3 ფოტოსურათი, პირადობის მოწმობის და ატესტატის ასლები, ასევე 19 შეუვსებელი ყალბი დიპლომი ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა, გასაღების ან გამოყენების მიზნით) მიმდინარეობს.