შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის შენობის ესკიზური პროექტების კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა გაიმართა. კონკურსში მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ჟიურის თავჯდომარემ, არქიტექტორმა ნიკოლოზ შავიშვილმა ორ ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა: თბილისში, გაგარინის მოედანზე მდებარე პოლიციის შენობისთვის საუკეთესო პროექტის ავტორი დიმიტრი მოძმანაშვილია, რომელიც არქიტექტურულ კომპანია „დემარკს" წარმოადგენს, ხოლო მეორე გამარჯვებული ახალგაზრდა არქიტექტორი ლაშა ბარბლიშვილია, რომელმაც ქალაქ ბორჯომის პოლიციის ახალი შენობის საუკეთესო პროექტი წარმოადგინა. სამინისტრომ ღია კონკურსი პოლიციის შენობის საუკეთესო ესკიზურ პროექტზე 22 მარტს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც პროფესიონალ არქიტექტორებს, არქიტექტურულ კომპანიებს, დიზაინერებს, მხატვრებს, ასევე ყველა სხვა დაინტერესებულ პირს, მათ შორის სტუდენტებს. კონკურსი ჩატარდა ანონიმურად, ჟიურის განხილვაზე სულ 51 ნამუშევარი შემოვიდა. ნამუშევრები დეტალურად განიხილეს შემდეგი კრიტერიუმებით: არქიტექტურული და მხატრვრული სახე; გარემოს გათვალისწინება შენობის მასშტაბის, სართულიანობის, მოცულობის და მასის შესაბამისობა ურბანულ და ლანდშაფტურ გარემოცვასთან; რეალიზიაციის მიზანშეწონილობა. კონკურსის მსვლელობისას უპირატესობა მიენიჭა კონკურსანტის შემოქმედებით იდეას, ესკიზის ორიგინალურობასა და პრაქტიკულობას, შენობის მოცემულ გარემოსთან შერწყმას, სისადავეს, ფუნქციონალურ დატვირთვასთან შესაბამისობას. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულები შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 000 ლარის ოდენობის ფულადი პრემიით დააჯილდოვა.
მასალის გამოყენების პირობები