შემოწმებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მისული ყველა პირი გადის - ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა.
როგორც მან ადვოკატ გოგიტა გაბაიძის ბრალდების საპასუხოდ აღნიშნა, ისინი გაბაიძის შემთხვევაში გამონაკლისს ვერ დაუშვებდნენ.
"საგამოძიებო სამსახურში მოსული ყველა პირი სტატუსის მიუხედავად გადის შემოწმებას და არც ადვოკატი გოგიტა გაბაიძე არის გამონაკლისი. მისთვის დაცვის თანამშრომელს ბეჭდის მოხსნა და ფეხსაცმლის გახდა ნამდვილად არ მოუთხოვია. მოთხოვნა იყო მხოლოდ საათის მოხსნა", - განაცხადა სუხიაშვილმა.
მისი თქმით, ადვოკატის მხრიდან პირადი შეურაცხყოფაზე საუბარი ზედმეტია მაშინ, როდესაც თავად განაცხადა, რომ ის გაიხდიდა და შენობაში შიშველი შევიდოდა.
სუხიაშვილის განმარტებით, გაბაიძის ასეთი საქციელით თავად არიან შეურაცხყოფილები, რადგან საგამოძიებო სამსახურის დაცვის თანამშრომლებს შიშველ მდგომარეობაში მყოფი გაბაიძის ნახვის სურვილი ნამდვილად არ აქვთ.
გოგიტა გაბაიძე ჩხრეკის, არასათანადო შემოწმებისა და ღირსების შეურაცხმყოფელი მოპყრობის მიზეზით, ფინანსური პოლიციის წარმოდგენლებზე ჩივილს აპირებს.
როგორც გაბაიძე აცხადებს, ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გუშინ, თბილისის მერის გიგი უგულავას საქმეზე, მტკიცებულებების გასაცნობად იმყოფებოდა, რა დროსაც, უწყების წარმომადგენლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, მოსთხოვეს, რომ ფეხსაცმელი გაეხადა და პირადი ნივთები დაცვასთან დაეტოვებინა.
გაბაიძის განცხადებით, მან თავი შეურაცხმყოფელად იგრძნო თავი და უწყებაში შესვლა გადაიფიქრა.