ადვოკატი გოგიტა გაბაიძე ჩხრეკის, არასათანადო შემოწმებისა და ღირსების შეურაცხმყოფელი მოპყრობის მიზეზით, ფინანსური პოლიციის წარმოდგენლებს უჩივის.
როგორც გაბაიძე აცხადებს, ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გუშინ, თბილისის მერის გიგი უგულავას საქმეზე, მტკიცებულებების გასაცნობად იმყოფებოდა.
მისი თქმით, მას უწყების საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, მოსთხოვეს, რომ ფეხსაცმელი გაეხადა და პირადი ნივთები დაცვასთან დაეტოვებინა.
"11-ის ნახევარზე მივედი ფინანსურ პოლიციაში. მე არ ვიცი, დღემდე ვერ გავარკვიე რატომ გვაბარებინებენ მობილურებს. ჩავაბარე მობილურები, რის შემდგომაც მოითხოვეს ჩემგან, რომ მომეხსნა საათი, მომეხსნა სამაჯური, მომეხსნა ბეჭედი და გამეხადა ფეხსაცმელი მაშინ, როდესაც იქ დგას მეტალოდეტექტორი. მსგავსი მეტალოდეტექტორები დგას ციხეებში, სადაც ჩვენ შევდივართ და არავინ სხვანაირად არ გვექცევა", - განაცხადა გაბაიძემ.
მისი თქმით, ამის შემდეგ რაღაც უცხო აპარატურა მოიტანეს და იმით შეამოწმეს, რომელიც სავარაუდოდ, რაღაც გამოსხივებას აკეთებდა.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ მსგავსი ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ ის გიგი უგულავას ადვოკატია და მის საქმეზე შედიოდა.
გაბაიძის განცხადებით, მან თავი შეურაცხმყოფელად იგრძნო თავი და უწყებაში შესვლა გადაიფიქრა.
ადვოკატი 15 აპრილს მიმართავს მთავარ პროკურორს და მოითხოვს, პასუხისგებაში მიეცნენ ის პირები, ვინც მას შეურაცხყოფა მიაყენა. გაბაიძე ასევე, მიმართავს ფინანსთ მინისტრსა და სახალხო დამცველს.