ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პრივატიზაციის შედეგების გადახედვას და უკვე გაფორმებული ხელშეკრულებების გადასინჯვას აღარ გეგმავს. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი პროცესები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს დააზიანებს. მინისტრი აცხადებს, რომ გარკვეული ობიექტების პრივატიზაცია არ უნდა მომხდარიყო, თუმცა უკვე გაყიდულ ობიექტებთან მიმართებაში. რაიმე მკაცრი ზომების გატარება მიზანშეწონილი აღარ არის.
"მე შეიძლება არაპოპულარული რაღაც ვთქვა ახლა, მაგრამ ეკონომიკის მინისტრი არაპოპულარულ რაღაცეებსაც ამობობს ხოლმე. ბევრი ობიექტი, რომელიც უკვე გაყიდულია, დღეს, რომ იყოს პრივატიზაცია ალბად თავს შევიკავებდი მათი გაყიდვისგან. თუმცა რაც გაყიდულია, იმ ხელშეკრულებების გადახედვა და პრივატიზაციის შედეგების გადასინჯვა არ უნდა მოხდეს. იმიტომ, რომ ეს გაცილებით უფრო დააზიანებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს"- აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ამიერიდან მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში, კულტურის სამინისტრო მაქსიმალურად ჩაერთვება და ნებართვები მხოლოდ მათთან შეთანხმებით გაიცემა.
"თუ ინვესტორს წესების დაცით აქვს აღებული მშენებლობის ნებართვა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის იურიდიული მემკვიდრეობა რაც გაქვს, ეს იქნება დადებითი თუ უარყოფითი. ჩემთვის დაწყებული მშენებლობა დამთავრებულ მშენებლობას ნიშნავს - მე როგორც ეკონომიკის მინისტრი ამ საკითხს ასე ვუყურებ. თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ახლა სულ სხვა პროცედურებზე გადავდივართ. მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვება კულტურის სამინისტრო და ყველა პროექტი, რომელიც იქნება განხილული ქალაქის ისტორიულ ნაწილში, აუცილებლად იქნება შეთანხმებული კულტურის სამინისტროსთან. კულტურის სამინისტრო დროებით იყო ამორიცხული იმ ორგანიზაციების სიიდან, რომელსაც ეს საკითხები უთანხმდებოდა. თუმცა ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყველა პროექტი მათთან შევათანხმოთ"- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.