გამაოგნებელია, როდესაც უცხო ქვეყნის აკრედიტებული დიპლომატი ექსტრემისტ პოლიტიკოსს არაფორმალურ გარემოში ხვდება მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული ჩაიდინა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დაკავებამდე საქართველოში ნიდერლანდების ელჩს, მელინე არაკელიანს საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა.
„ხშირად ვსაუბრობთ ამაზე, სიმართლე გითხრათ, უკვე მეზარება ვენის კონვენციის ხსენება. არ ვიცი, რამდენჯერ უნდა ვახსენოთ ვენის კონვენცია და შევახსენოთ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, რომ პოლიტიკაში ჩარევის უფლება არ აქვთ. გამაოგნებელია, რომ მას შემდეგ, რაც ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, დააზიანა არჩევნებში მონაწილე პარტიის საარჩევნო ბანერები, როგორც ჩანს, პირად შეხვედრაზე იწვევს ექსტრემისტ პოლიტიკოსს. რა თქმა უნდა, ამის დადასტურება საჭიროა თავად ელჩის მხრიდან. თავისთავად გამაოგნებელია ამგვარი არაფორმალური ხასიათის შეხვედრები, პირადი დამოკიდებულების, მხარდაჭერის ჩვენება არის ის, თუ რაც არის. გამაოგნებელია, როდესაც უცხო ქვეყნის აკრედიტებული დიპლომატი ექსტრემისტ პოლიტიკოსს არაფორმალურ გარემოში ხვდება მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული ჩაიდინა.
არაერთხელ მითქვამს, რომ ზუსტად ასეთი დაუფიქრებელი ქმედებები ახალისებს ექსტრემიზმს საქართველოში. კიდევ უფრო უარესი, თუ ეს ქმედება დაფიქრებული, ჩაფიქრებული და გააზრებული იყო. ელენე ხოშტარია არის ექსტრემისტი პოლიტიკოსი, რომლის გაცხადებული მიზანია 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებზე ნების გამოხატვისთვის ხელის შეშლა, არჩევნების ჩაშლა. ის ამაზე საუბრობს. ასევე, როდესაც საუბრობენ გადატრიალებებზე თუ დამხობებზე, მისი გაცხადებული გეგმაა ხელისუფლების ძალადობით შეცვლა. მას შემდეგ, რაც წინა დღით ხოშტარიამ პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული ჩაიდინა, მეორე დღეს უცხო ქვეყნის ელჩი ხვდება. მათ შორის ეს გახლავთ საქართველოს არჩევნებში ჩარევის მაგალითი, თუ სიმართლეა, რომ ჰოლანდიის ელჩი არაფორმალურ გარემოში შეხვდა ხოშტარიას მას შემდეგ, რაც ექსტრემისტმა პოლიტიკოსმა დააზიანა არჩევნებში მონაწილე სუბიექტის ქონება, ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.