,,უფლებადამცველთა გაერთიანების"'' თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს უკანონოდ გასამართლებულ პირებთან დაკავშირებით რომლებსაც სასჯელთან ერთად ჯარიმის გადახდაც დაეკისრათ აღსრულების პროცესის შეჩერებას სთხოვს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მჟავანაძემ განაცხადა იმ შემთხვევაში თუ პროცესი არ შეჩერდება ხელისუფლების ქმედება ალოგიკური იქნება.
,,თუ ვაღიარებთ იმას, რომ წინა ხელისუფლებას ჰყავდა უკანონო პატიმრები, პოლიტპატიმრები, გამოჰქონდათ უკანონო განაჩენები. ახლა ისე გამოდის, რომ თუ განაჩენები უკანონო იყო, იმავე ადამიანების ჯარიმები კანონიერია? ეს ხომ ალოგიკურია. მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისია ჯერ არ ამოქმედებულა და ვერ ხერხდება იმ საქმეების გადახედვა, რომლებზეც პირებს უკანონო მსჯავრთან ერთად, დამატებით სასჯელად უკანონო ჯარიმებიც დააკისრათ. ამიტომ იქამდე სანამ ეს საქმეები გადაიხედება ვითხოვთ ჯარიმებთან დაკავშირებული აღსრულების პროცესის შეჩერებას", _განაცხადა მჟავანაძემ და აღნიშნა, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს შესაძლებლობა უნდა მიცეთ საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ.
"კონკრეტული მაგალითი გვაქვს, ბათუმელი ბიზნესმენები არიან, რომლებსაც 170 ათასი ლარი ჯარიმა აქვთ შეფარდებული. ისინი სრულიად უდანაშაულო ხალხია, მაგრამ დაკისრებული ჯარიმის აღსრულების აღსრულების დროს მანქანა დაუყადაღეს, ახლა ქონებასაც დაუყადაღებენ", _განაცხადა მჟავანაძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.