სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველომ (სსსიპ) 2013 წლის 1 იანვრიდან - 1 აპრილის ჩათვლით, განხორციელებული, I ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი დარღვევები გამოაქვეყნა.
სსიპ ინფორმაციით, კვლევის შედეგად 24 დაწესებულებაში აღრიცხვის დადგენილი წესების დარღვევა გამოვლინდა (მათ შორის 3 განმეორებით). რის შედეგად I ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევა განხორციელდა 22 შემთხვევაში. ჩამორთმეული იქნა: აღრიცხვის წესის დარღვევით არსებული - 22 695 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი; ვადაგასული 105 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი; საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე -120 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 1 იანვრიდან - 1 აპრილის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა, ,,ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის N 176 დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული, ავტორიზებული აფთიაქების სანებართვო პირობების კონტროლი. აღნიშნულის შედეგად გამოვლინდა სამართალდარღვევის 11 ფაქტი.
სსიპ განაცხადების თანახმად, უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ფარმაცევტული ბაზრის ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებები 6 ავტორიზებულ აფთიაქში განხორციელდა შსს-ს თანამშრომლებთან ერთად. მასიურად, შემოწმების შედეგად, ერთი და იმავე დაწესებულებაში, ადგილი აქვს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენას. შედეგად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება კონტროლის ღონისძიებების შედეგად დაფიქსირებული ყველა სამართალდარღვევის გათვალისწინებით, თუმცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევს სახდელი განესაზღვრება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისთვის. გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტების საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები დადგენილი წესით, განსახილველად გადაეგზავნა შესაბამის საქალაქო და რაიონულ სასამართლოებს. მათ მიერ გამოტანილი დადგენილებების მიხედვით, სახდელის სახით დადებული ჯარიმის ოდენობამ, დღეის მდგომარეობით, 30 იურიდიულ პირზე შეადგინა 96 600 ლარი, 11 საქმე განხილვის პროცესშია (სავარაუდო სახდელის ოდენობა - 39 800 ლარი).I ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის ღონისძიებები გრძელდება პერმანენტულ რეჟიმში.
მასალის გამოყენების პირობები