4 ნოემბერს ნიუ იორკის მერის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ზოჰრან მამდანი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მამდანიმ გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერებს მიმართა.
„ვინმეს თუ შეუძლია, აჩვენოს ქვეყანას, რომელსაც დონალდ ტრამპმა უღალატა, თუ როგორ შეიძლება მისი დამარცხება – ეს არის ქალაქი, რომელშიც ის აღზევდა. და თუ დესპოტის შეშინების რაიმე გზა არსებობს, ეს სწორედ იმ პირობების დემონტაჟია, რამაც მას ძალაუფლების მოპოვების საშუალება მისცა“, - განუცხადა მამდანიმ მხარდამჭერებს.
მან პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა:
„ასე რომ, დონალდ ტრამპ, ვიცი, ახალ მიყურებ, ორი სიტყვა მაქვს შენთვის: ხმას აუწიე“.
“ნიუ იორკელ მშრომელებს მუდამ ეუბნებოდნენ, რომ ძალაუფლება მათ არ ეკუთვნით. არ ეკუთვნით მათ, ვისაც ველოსიპედის საჭემ ხელისგულები გაუუხეშა, ვისაც თითები ქურასთან აქვს დამწვარი. ამბობდნენ, რომ ამ ხელებს არ აქვთ უფლება ძალაუფლება მიიღონ. მაგრამ დღეს, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ ეს გავაკეთეთ, მეგობრებო, ჩვენ დავამხეთ დინასტია“, – განაცხადა მამდანიმ.
წინასწარი არაოფიციალური შედეგებით, მამდანიმ ხმების 50.4% მიიღო. 34 წლის ზოჰრან მამდანი, თავს სოციალისტსაც უწოდებს.
მისი მთავარი კონკურენტი ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო იყო, რომელმაც მამდანისთან დემოკრატების ნომინაცია წააგო და საბოლოოდ დამოუკიდებელ კანდიდატად იყარა კენჭი.
კუომომ ხმების 41.6% მოიპოვა, ხოლო რესპუბლიკელმა კანდიდატმა კურტის სლივამ - 7.1%.
ნიუ იორკის გარდა არჩევნები ჩატარდა ნიუ ჯერსიში, ვირჯინიაში და კალიფორნიაში. ნიუ ჯერსისა და ვირჯინიაში დემოკრატმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო კალიფორნიაში ხმის მიცემა ჯერ კიდევ გრძელდება.
არჩევნების შედეგების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ ზოჰრან მამდანი გახდება ნიუ-იორკის პირველი მუსლიმი მერი.
ზოჰრან მამდანი უგანდაში დაიბადა. ოჯახი ნიუ-იორკში დასახლდა, როცა ზოჰრან მამდანი შვიდი წლის იყო. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბოუდინ-კოლეჯში, რომელიც მენის შტატში მდებარეობს. ზოჰრან მამდანის მამა ინდოეთში დაბადებული უგანდელია, დედა - ინდოელი.