პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, პრეზიდენტის დაკითხვამდე სხვა პირები უნდა დაკითხონ.
როგორც მან დღეს "პირველი რადიოს" რადიო კლუბში აღნიშნა, გამოძიებამ პრეზიდენტის დაკითხვამდე ჯერ რიგითი უნდა დაკითხოს. კონკრეტულად, ვინ გასცა რიგითზე ბრძანება რაღაც მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, შემდეგ ბატალიონის მეთაური, დივიზიის მეთაური და გენერალური შტაბი უნდა დაიკითხოს და შემდეგ მივლენ პრეზიდენტამდე.
"ოღონდ, ყველამ უნდა თქვას, რომ დანაშაულებრივ ქმედებას ჩადიოდა. ამიტომ, საით წავა ეს მე მართლა არ ვიცი. მე მესმის პრეზიდენტისაც, რომელმაც თქვა, რომ არ ვითანამშრომლებო. იმიტომ, რომ წინასწარ ხდება განცხადება და აბსურდების ლაპარაკი, რომ ჰააგა ითხოვს ამას და იმიტომ უნდა დავკითხოთო. ეს ხომ არ დაიმალება. ეს ხომ ასე არ არის", - განაცხადა დავითაიამ.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოსახლეობისთვის მიცემულ დანაპირებს თითქმის ვერ ასრულებს, ამიტომ ის გამოძიება, რომელიც მაღალჩინოსნების მიმართ მიდის, რეალურად "ფლავდება".
"ამიტომ, ბევრი კითხვები ჩნდება. საზოგადოება ითხოვს სწრაფ მოქმედებებს. ამიტომ შემოვიდა ახალი თემები. სინამდვილეში, არაფერი არ ხდება", - განმარტა დავითაიამ.
პროკურატურაში, აგვისტოს ომის მიზეზების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ განცხადება გუშინ, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშილმა გააკეთა.
მისი თქმით, ამ თემაზე შესაძლოა, დაიკითხოს პრეზიდენტი და ყველა ის პირიც, ვის დაკითხვასაც გამოძიება გადაწყვეტს.