შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული გიორგი ს. და 1993 წელს დაბადებული ლაშა დ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულებმა 4 აპრილს, თბილისში, დედოფლისწყაროს, წურწუმიას და ქურხულის ქუჩებზე, ღამის საათებში, ცხრა სხვადასხვა მარკის ავტომანქანის მინა დააზიანეს და მაგნიტოფონები, პანელები და პულტები მოიპარეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მეტრო-სადგურ „ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (ქურდობა) მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს 1-ლი განყოფილება აწარმოებს.