მთავარი პროკურორი არჩილ კბიალშვილი ე.წ. "კანონიერი ქურდის" შაქრო კალაშოვის ექსტრადირებასთან დაკავშირებით უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, არსებული ხელისუფლების პირობებში, ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არანაირი პროცედურული ნაბიჯი არ განხორციელებულა.
"ასე რომ, არანაირი ქმედება არ ყოფილა ჩვენს მიერ განხორციელებული. ყველა ის პროცედურა, რაც დღემდე იყო მის ექსტრადირებასთან განხორციელებული, ძალაშია და ეს განხორციელდა ჩვენამდე. ეს არის რეალობა ფაქტობრივი თვალსაზრისით", - განაცხადა კბილაშვილმა.
ბოლო პერიოდში, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქართული მხარე კალაშოვის ექსტრადირების მოთხოვნაზე უარს ამბობდა.
კალაშოვმა ესპანეთში პირობით პატიმრობაში 4 წელი გაატარა. 2006 წელს ესპანეთის პოლიციამ "ფულის გათეთრების" ბრალდებით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.
ე.წ. "კანონიერი ქურდის", მეტსახელად "შაქრო მალადოის" თბილისში 18-წლიანი პატიმრობა ემუქრება.