საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების 5 მოწმე დაიკითხა. დაცვის მხარის მტკიცებით, არც ერთ მოწმეს რაიმე მნიშვნელოვანი ჩვენება არ მიუცია და მათი ჩვენებები ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობას არ ადასტურებს.
მათივე განცხადებით, მოწმეებმა მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრეს.
როგორც გვარამიას ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა აღნიშნა, 5 მოწმის დაკითხვამ დაანახათ ის, რომ ბრალდების მხარემ პრაქტიკულად, რაიმე სახით არგუმენტირებული მტკიცებულება ვერ წარადგინა.
"ამ ბრალდების მოწმეებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ არანაირი შეხება კონკრეტულად საქმესთან არ აქვთ. არაფერი ისეთი ფაქტობრივი გარემოების შესახებ მათთვის ცნობილი არ არის, რომელიც ბრადლებას რაიმენაირად მხარს დაუჭერდა", - განაცხადა ჭაბაშვილმა.
ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ყოფილ მაღალჩინოსნებს ცრუ მეწარმეობაზე, საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენება-გაყალბებასა და დიდი ოდენობის ქრთამის აღებისთვის ედებათ ბრალი.