საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, 1968 წელს დაბადებული გრიგოლ წილოსანი დააკავეს.
ინტერპოლის თბილისის ბიუროს ინფორმაციით, ამჟამად, გრიგოლ წილოსანი საფრანგეთში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და მის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
აღნიშნული პიროვნება სსსკ-ს 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება ან გამოყენება) 2009 წლიდან იძებნებოდა.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2010 წლის განაჩენით, სსსკ-ს 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მითვისება ან გაფლანგვა) წილოსანს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2008 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელ დავით გუმბერიძეს და შპს „მაგი"-ს დირექტორ გრიგოლ წილოსანს შორის ქ. ბაღდათის №2 საჯარო სკოლის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ღირებულება 90 800 ლარს შეადგენდა.
გრიგოლ წილოსანმა თანხის მითვისების მიზნით, მხოლოდ 49 020 ლარის სამუშაოები შეასრულა, ხოლო დანარჩენი თანხა - 41 780 ლარი მიითვისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტზე სამუშაოთა წარმოება არ დაასრულა, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა.