ჰაკერთა დაჯგუფება Anonymous-მა, აქცია #OpIsrael-ის ფარგლებში, 7 აპრილს, ისრაელის 100 ათას საიტზე მასშტაბური იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია დაჯგუფების მიკრობლოგზე განთავსდა, რომელიც სპეციალურად შეტევის დროს ინფორმაციის გავრცელებისათვის შეიქმნა.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ჰაკერების მსხვერპლი გახდა „ფეისბუქის" 40 ათასი და ტვიტერის ხუთი ათასი ექაუნთი. ამას გარდა, Anonymous-ის განცხადებით, გატეხილია 30 ათასი საბანკო ანგარიში, რომელიც ებრაელებს ეკუთვნით. ჰაკერული შეტევის საერთო ზარალმა სამ მილიარდ დოლარს მიაღწია.
საიტ The Hacker News-ზე ზოგიერთი დაჰაკული საიტის სია და ასევე, ჰაკერების მიერ მოპოვებული მონაცემებია გამოქვეყნებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ DdoS-ს შეტევა დაახლოებით 700 ათას ებრაულ რესურსზე განხორციელდა. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ისრაელის პარლამენტის საიტი, მიმართვის გამოქვეყნების დროსაც არ მუშაობდა.
The Independent-ის ცნობით, ისრაელის ეროვნული კიბერ-ბიუროს წარმომადგენელი იცხაკ ბენ-ისრაელი ირწმუნება, რომ ჰაკერების მცდელობა უმრავლეს შემთხვევაში უშედეგოდ დასრულდა და Anonymous-მა ქვეყნის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაზიანება ვერ შეძლო. ბენ-ისრაელის აზრით, დაჯგუფებას, უბრალოდ, მედიაში ხმაურის ატეხვა სურდა.
კიბერშეტევა ჰაკერული დაჯგუფების მიერ წინასწარ იყო დაანონსებული. Anonymous-ის განცხადებით, ეს იქნებოდა პასუხი აგრესიაზე იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ ღაზას სექტორში. მსგავსი კიბერშეტევა ებრაულ საიტებზე 2012 წლის ნოემბერშიც მოხდა, როდესაც ღაზას სექტორში ოპერაცია მიმდინარეობდა. მაშინ ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჰაკერთა მცდელობების აღკვეთა უმეტეს შემთხვევაში შეძლეს.