20 თებერვალს, ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა სპორტსმენს, ნოდარ ქუმარიტაშვილს, ბაკურიანში დაკრძალავენ.
ქართველ სპორტსმენს ბაკურიანში, ადგილობრივი ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს მთავრობა დაფარავს.
ქუმარიტაშვილის ცხედარი ვანკუვერიდან მიუნხენში გადაასვენეს. გერმანიაში გადასვენებამდე დაღუპული სპორტსმენის ცხედარი ვანკუვერის მართლმადიდებლურ ეკლესიაში იყო დასვენებული, სადაც მას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადეს. ჩატარდა სამოქალაქო პანაშვიდიც. 21 წლის სპორტსმენის ხსოვნას ოლიმპიადის ყველა ქვეყნის მონაწილემ და კანადის ქართულმა სათვისტომომ პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარი თბილისში 17 თებერვალს ჩამოასვენეს.
21 წლის მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, წინაშესარჩევი გარბენის დროს დაიღუპა.
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ქართველი სპორტსმენის სახელობის ფონდი დაარსდა. ამ მიზნით "თი-ბი-სი" ბანკში ანგარიშიც გაიხსნა. მსურველებს შეუძლიათ ფინანსური დამხარება გაუწიონ როგორც ქუმარიტაშვილის ოჯახს, ისე ციგაობის განვითარებას საქართველოში. ანგარიშის ნომერი: 6536010100062-ია. ანგარიში ეროვნულ ვალუტაშია.