იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ახალი მომსახურება ამოქმედდა. ამიერიდან მოქალაქეებს უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღება ონლინრეჟიმში, ვიდეოთვალის გამოყენებით შეუძლიათ.
სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით (www.reestri.gov.ge), ვიდეოკონსულტაციები გაცილებით გაამარტივებს პროცედურებს მოქალაქეებისთვის. ისინი შინიდან და ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტით, ვიდეოთვალის საშუალებით მიიღებენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას, ონლინ რეჟიმში დასვამენ შეკითხვებს უძრავი ქონების სარეგისტრაციო პროცედურებთან, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციასთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
სააგენტოს იურისტები დაინტერესებულ მოქალაქეებს გააცნობენ სარეგისტრაციო პროცედურებს, საჭირო დოკუმენტაციის ნუსხას, მომსახურების საფასურს, ვადებს და ა.შ., ხოლო მოქალაქეები შეძლებენ სააგენტოს იურისტ-კონსულტანტებს ვიდეოთვალის მეშვეობით აჩვენონ მათ ხელთ არსებული დოკუმენტაცია და მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
აქამდე მოქალაქეებს იურიდიული კონსულტაციის მიღება შეეძლოთ საჯარო რეესტრის საინფორმაციო ცენტრში, ტელეფონის ნომერზე 25 15 27, ასევე, სარეგისტრაციო სამსახურებში პირადი ვიზიტით ან ელექტრონული ფოსტით info@napr.gov.ge
მოქალაქეებს აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.