არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე პროკურატურას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის დაკითხვას სთხოვს.
როგორც მან აღნიშნა, მერაბიშვილი სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, საუბარია განცხადებაზე, რომელშიც ყოფილი პრემიერი ე.წ პოლიტპატიმრების სიაში 100 000 და 200 000 ლარად მოხვედრაზე საუბრობს.
"ვანო მერაბიშვილი კონკრეტულად ამბობს, რომ მას აქვს ეს ინფორმაცია, თითქოს პოლიტპატიმრებმა გადაიხადეს 100 და 200 ათასი. თუ ეს ინფორმაცია მას მართლაც აქვს მან აუცილებლად უნდა მისცეს ეს ინფორმაცია პროკურატურას და უნდა დაიწყოს ამაზე გამოძიება", - განაცხადა კაკაბაძემ.
მისივე თქმით, ეს არის გამოწვევა პოლიტპატიმრებისა, რომ ამაზე რეაგირება მოახდინოს ვიღაცამ და აჟიოტაჟი ატყდეს, თუმცა ამას "ნაციონალური მოძრაობა" ვერ მიიღებს.
კაკაბაძის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის თამახმად, პროკურატურა უფლებამოსილია საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შესახებ ცნობას შეიცავს, გამოძიება დაიწყოს.