ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიასა და მოქალაქე როინ ფარტენაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივ შემოწმებას არაობიექტურს უწოდებს.
როგორც მან დღეს "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში აღნიშნა, ერთი წაკითხვით პირველადი შთაბეჭდილება არის ცალსახად არაობიექტური და მიკერძოებული.
მისი თქმით, ამის დასადასტურებლად რამდენიმე გარემოების მოყვანა შეიძლება.
"პირველი ის, რომ გენერალური ინსპექციის დასკვნაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ვერანაირი დარღვევა ვალერიან თელიას ქმედებაში ვერ დაადგინა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები აბსოლუტურად საკმარისი იყო, რომ ვალერიან თელიას მინიმუმ დისციპლინური სანქცია დაკისრებოდა", - განაცხადა კოჟორიძემ.
მისი თქმით, მათთვის ვინმესთვის რაიმე სანქციის დაკისრება თვითმიზანი არ არის, მაგრამ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მოქმედებს შსს ან სხვა რომელიმე სამართალდამცავი ორგანო, როცა მისი თანამშრომლის ქმედებაში პასუხისმგებლობის აუცილებლობა ან დარღვევის ნიშნები გამოიკვეთება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიასა და მოქალაქე როინ ფარტენაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე სამსახურებრივი შემოწმება დაასრულა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსს ვალერიან თელიას სამსახურებრივი გადაცდომა არ ჰქონია.
"სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გ.ს-ს არ განუხორციელებია გორგასლის ქუჩაზე მდებარე კომერციულ ობიექტ "ბათუმის სახლში" გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან გადაღებული ვიდეოჩანაწერის შეგნებულად დაზიანება, თუმცა დავალების დაუდევარი და არაჯეროვანი შესრულების გამო, მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სასჯელი და გამოეცხადა სასტიკი საყვედური", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში