შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აჭარის გენერალური ინსპექციის უფროსსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს შორის მომხდარი ინციდენტების შეფასებები გაზვიადებულია. როგორც მან აღნიშნა, ინციდენტის დროს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
მისი თქმით, ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაძაბულობას აჭარის პოლიციის უფროსსა და მოქალაქეს შორის, რომელიც აღმოჩნდა, რომ ნასვამ მდგომარეობში იმყოფებოდა და პოლიციის უფროსს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
"მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიციელი და კონკრეტულად, ვალერი თელია, 24 საათის განმავლობაში იცავს აჭარის მოსახლეობის უსაფრთხოებას. სწორედ იმ დღეს, იმ წუთებში მიემართებოდა ის ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციის განსახორციელებლად, ვგულისხმობ ტრეფიკინგის ფაქტის გამოვლენას და მის გამოაშკარავებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, გენინსპექციის დასკვნაში დეტალურად არის გაწერილი თუ რა მოხდა რეალურად.
"არაფერი არ დაგვიმალავს ჩვენ. არაფრის აღიარება ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ ვამბობთ სიმართლეს. ის, რაც იყო, როგორც მოხდა, როგორც განვითარდა. თუ ვინმეს რამე გადაცდომა ჰქონდა, წაეშალა თიუ რაღაც, ეს არ არის მნიოშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამოვიღეთ ალტერნატიული წყაროდან ვიდეოფირები და ჩვენ თვითონ გავავრცელეთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და აჟიოტაჟი გაზვიადებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიასა და მოქალაქე როინ ფარტენაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე სამსახურებრივი შემოწმება დაასრულა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსს ვალერიან თელიას სამსახურებრივი გადაცდომა არ ჰქონია.
"სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გ.ს-ს არ განუხორციელებია გორგასლის ქუჩაზე მდებარე კომერციულ ობიექტ "ბათუმის სახლში" გარე ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან გადაღებული ვიდეოჩანაწერის შეგნებულად დაზიანება, თუმცა დავალების დაუდევარი და არაჯეროვანი შესრულების გამო, მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სასჯელი და გამოეცხადა სასტიკი საყვედური", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში