შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, 1971 წელს დაბადებული სიმონ ხ. ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1958 წელს დაბადებული ელიზბარ რ. ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სიმონ ხ-ს პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი" ამოიღეს.
იმავე დღეს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაადგინეს და დააკავეს ნარკოტიკული საშუალების რეალიზატორი, რომლისგანაც სიმონ ხ-მ „ჰეროინი" შეიძინა. სამართალდამცველებმა თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, დაკავებული ელიზბარ რ-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 12 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი" ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნარკოტიკის საერთო წონა 2,4234 გრამს შეადგენს, რომელშიც 0, 1882 გრამი „ჰეროინი" აღმოჩნდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ელიზბარ რ-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი" თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინა და საქართველოში რეალიზაციის მიზნით ჩამოიტანა.
ნარკოლოგირი შემოწმებისას, დაკავებული სიმონ ხ-ს სისხლში „ოპიუმი"-ს ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების კვალი აღმოჩნდა.