მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, პროკურორების საქმეების შემსწავლელი ჯგუფის შემქმნა იმ პრობლემამ განაპირობა, რომელიც საზოგადოებაში არის.
როგორც მან გადაცემა "პრესპრესში" სტუმრობისას აღნიშნა, საზოგადოების მხრიდან პროკურატურის მიმართ ერთ-ერთი პრეტენზია ძველი კადრების შესახებაა.
მისი თქმით, მოქალაქეებს აღიზიანებთ, რომ ისევ იმ პროკურორს ხედავენ, ვისი პირითაც იყო გაცხადებული არამართებული თანხების გადახდის შესახებ მოთხოვნა.
"აქ არის ორი მიდგომა. ერთი, რომ ყველა დავითხოვოთ და შევიდეს ახალი კადრები - ეს არის ერთი უკიდურესობა. მეორე მიდგომა არის - ყველა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ის პროკურორებიც, რომლებიც ამ მოთხოვნებს აცხადებდნენ იყვნენ გამტარნი, არა გენერატორები და ამიტომ, ისინიც მსხვერპლნი არიან ისევე, როგორც ის ვისაც ფული გადაახდევინეს", - განმარტა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, ჩათვალა, რომ სამართლიანი და სამართლებრივი იქნებოდა თუკი ინდივიდუალური საჩივრების საფუძველზე მოხდებოდა თითოეული ფაქტის დადასტურება და შედეგების იმის მიხედვით დაყენება.
მთავარი პროკურორის განცხადებით, პროკურორების საქმეების შემსწავლელ 12-კაციან ჯგუფში შემავალი წევრები არიან ის ადამიანები, რომლებმაც გასული წლის ნოემბერში სტაჟირება დაასრულეს და უკვე მიიღეს საფუძველი იმისთვის, რომ პროკურატურის რიგებში ჩარიცხულიყვნენ.
"ესენი არიან ახალგაზრდა ადამიანები, პროკურორები და ეს 12 მოქალაქე, რომელიც მე მივიღე პროკურატურაში, რადგან მათ წარმატებით გაიარეს სტაჟირება და არიან ყოველგვარი წარსულის ან ხინჯის გარეშე. მათ მივანდეთ ამ გამოძიების წარმოება", - განაცხადა კბილაშვილმა.
12-კაციანი ჯგუფი, რომელიც კბილაშვილის ინიციატივით შეიქმნა, იმ პროკურორების საქმეებს იძიებს, რომლებზეც მოქალაქეებს საჩივრები შეაქვთ.