,,2008 წლის აგვისტოს ომის შესასწავლად საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება", _განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ,,პრეს-პრესში" სტუმრობისას და აღნიშნა, რომ აგვისტოს ომი ობიექტურად იქნება გამოძიებული.
,,ჩვენ გვსტუმრობდა და მე მქონდა პირადად შეხვედრა ჰააგის სასამართლოს საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურატურის ოფისის წარმომადგენლები, რომელიც ჩვენგან ითხოვენ 2008 წლის აგვისტოს ომის ჯეროვნად გამოძიებას და ჩვენ ეს მოვალეობა გვაკისრია", -განაცხადა კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლება ,,რეზინის გაწელვის პოლიტიკას ეწეოდა, როდესაც გამოძიება ტარდებოდა გამოძიებისათვის და რეალურად ოთხი წლის განმავლობაში არანაირი შედეგი არ იყო დადებული".
კბილაშვილის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმესთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს პროკურატურის ოფისის წარმომადგენლებმა კონკრეტული შეკითხვა დასვეს.
,,ჩვენს წინაშე დასმული იყო კონკრეტული შეკითხვა აპირებ თუ არ აპირებს საქართველოს ახალი ხელისუფლება ჯეროვნად შეფასოს და შეისწავლოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და სისხლის სამართლებრივ პლანში გასცეს კითხვას პასუხი ჰქონდა თუ არა ადგილი ომის დანაშაულებს: გენოციდს, ან სხვა ისეთ დანაშაულს, რასაც სასამართლო იძიებს", _განაცხადა კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმესთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნება.
,,ერთი რამ შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ ახალმა ხელისუფლებამ, მისი მთავრობის თავმჯდომარემ პოლიტიკური ნება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საკითხი იქნება გამოძიებული. იქნება გამოძიებული ობიექტურად. ამისათვის ჩვენ გვიწევს შევქმნათ საგამოძიებო ჯგუფი, მივუბრუნდეთ ამ საკითხს და შევუდგეთ გამოძიებას", _განაცხადა მთავარმა კბილაშვილმა.