,,ბიზნესმენ ავთო ადუაშვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი პირი სოსო პავლიაშვილს მკვლელობის შემკვეთად ასახელებს", _განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ,,პრეს-პრესში" სტუმრობისას, რომელმაც მოწმის ვინაობა არ დაასახელა და აღნიშნა, რომ მომღერლის მიმართ ჯერ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის.
,,ერთ-ერთი პირი, ამ საქმის მონაწილე მას ასახლებს, როგორც მკვლელობის შემკვეთს, მაგრამ ეს არ არის დადგენილი ფაქტი. ამ ჩვენების გამო ცალკე არის გამოყოფილი საქმე. თუკი სხვა მტკიცებულებებიც იქნება მოპოვებული ამ მოსაზრების გასამყარებელი, მაშინ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", -განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე, მკვლელობა 23 ნოემბერს მოხდა. თეთრი ფერის მერსედესის ემ-ელის მარკის ავტომობილში მამაკაცის ცხედარი ნახეს. ცხედარი მანქანის უკანა სავარძელზე იპოვეს. ვარაუდობდნენ, რომ მკვლელობა ზაზიაშვილის ქუჩაზე არ მომხდარა და ის სხვა ადგილიდან მიიყვანეს და იქ დატოვეს. მამაკაცს, სავარაუდოდ, სამი ტყვია აქვს ნასროლი, ერთი შესაძლოა, იყოს საკონტროლო. მკვლელობის მოტივი უცნობია. ადუაშვილის ახლობლების განცხადებით, იგი სხვადასხვა სახის ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა.