მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი ერეკლი გურჩიანი თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. დაკითხვის პარალელურად, შენობის წინ მისი კოლეგების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პროკურატურასთან შეკრებილი მკლავჭიდელები აცხადებენ, რომ ერეკლი გურჩიანის დაკითხვაზე დაბარება მკლავჭიდის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს და მისი მხრიდან ზეწოლას უკავშირდება.
მათივე თქმით, ამ ფორმით, სოსო ჯაჭვლიანი ცდილობს იძულებით დაატოვებინოს თანამდებობა მოქმედ პრეზიდენტს და ეს პოსტი თავად ან მასთან დაახლოებულმა პირმა დაიკავოს.
"სოსო ჯაჭვლიანმა გვიჩივლა ოფიციალურად პროკურატურაში. 10 წლის განმავლობაში, სოსო იყო ფედერაციის პრეზიდენტი, თუმცა როცა დრო ამოეწურა პრეზიდენტობის, წელიწადი და 8 თვე გადაამეტა პრეზიდენტობას. იმის შემდეგ ჩავატარეთ არჩევნები მოგვიანებით და ფედერაციის წევრებმა მე ამირჩიეს მთელი საქართველოს მასშტაბით", - განაცხადა ერეკლე გურჩიანმა დაკითხვაზე შესვლამდე.
მისი თქმით, სოსო ჯაჭვლიანს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.
წინასწარი ინფორმაციით, გამოძიებას გურჩიანთან კითხვები 2010 წელს ჩატარებულ არჩევნებთან და საბუთების გაყალბებასთან დაკავშირებით აქვს.