თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ.
ისინი უმაღლესი სასწავლებლის ფინანსურ ოპერაციებს სწავლობენ.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება უნივერსიტეტიდან შესული განცხადებების საფუძველზე დაიწყო.
როგორც კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, გამოძიება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
"კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
თელავის უნივერსიტეტის პროექტორი დავით მახაშვილი გამოძიებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების გაგრძელებად აფასებს.
"ითხოვენ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დახარჯული თანხების გამოძიებას და შესწავლას. მეორე არის ჩვენი თანამშრომლის, ასისტენტ-პროფესორის თამუნა მიქელაძის მიერ დაწერილი განცხადება, რომელიც ითხოვს საერთაშორისო პროექტ "ბომაპის" ფინანსური ოპერაციების შესწავლას. ის, რაც უნივერსიტეტში ეხება - ყველამ ნება უნდა იბოძოს და პატივით უნდა მოეპყრას ამ ტაძარს, რასაც კახეთის ერთდერთი სახლემწიფო უნივერსიტეტი ჰქვია", - განაცხადა მახაშვილმა.
ამასთან, პროკურატურის წარმომადგენლებმა სასწავლებლიდან ფინანსური დოკუმენტაცია უკვე ამოიღეს.