საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ბათუმის სახლის სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ვიდეომასალის გამოქვეყნებას ითხოვს.
როგორც მან აღნიშნა, შსს-ს მიერ გავრცელებული მასალა რეალობას არ ასახავს.
მისი თქმით, ბათუმის სახლიდან გადაღებული ვიდეომასალა სავარაუდოდ, განადგურებულია.
"ბათუმის სახლის მფლობელმა განაცხადა, რომ მასთან იყვნენ შესული პირები, გაანადგურეს კონკრეტული მტკიცებულება. რატომ განადგურდა ის მტკიცებულება, საზოგადოებას ხომ უჩნდება ეს კითხვა? რატომ უნდა გაანადგუროს შსს-მ რაღაც კონკრეტული მტკიცებულება? მაღალი ალბათობით იმიტომ, რომ იმ მტკიცებულებაში იყო ასახული სწორედ ვალერი თელიას ქმედება", - განაცხადა კოჟორიძემ.
შსს-მ გუშინ მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ დაარღვია "მერსედესის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა როინ ფარტენაძემ საგზაო მოძრაობის წესები და "ტოიოტას" მარკის ავტომანქანას, რომელსაც ვალერი თელია მართავდა ავარიული სიტუაცია შეუქმნა.
"სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აჭარის შსს-ს მთავარი სამმართველოს უფროსს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ინციდენტი გუშინ, ბათუმში მოხდა. საია-ს წევრები აჭარის სამმართველოს უფროსს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშულებენ. ფაქტს უარყოფს ვალერი თელია.
შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ როინ ფარტენაძე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა. აღნიშნულ ფაქტს გენერალური ინსპექცია იძიებს.