ჯაშუშობაში ბრალდებულ ფოტორეპორტიორებს - გიორგი აბდალაძეს, ზურაბ ქურციკიძესა და ირაკლი გედენიძეს ნასამართლეობა მოეხსნა - ამის შესახებ განცხადება სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ იქნა ჩადენილი, კიდევ დიდხანს იქნება გამოსასწორებელი.
მისი თქმით, მგავსი დანაშაულები კიდევ დიდხანს ჩაითვლება ქვეყნის სირცხვილად.
"მსგავსი სირცხვილი იყო ფოტოგრაფების საქმე, ადამიანებისა, რომლებიც აქ არიან. არა მარტო თვითონ, არამედ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც წარმოადგენდნენ, პრაქტიკულად, აღმოჩნდა როგორც ჯაშუშური ორგანიზაცია", - განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, ირაკლი გედენიძის გარდა, რომელსაც ნასამართლეობა ადრე მოუხსნეს, ფოტოგრაფები დღემდე პირობით მსჯავრს ატარებდნენ.
სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციას თავად ფოტორეპორტიორებიც ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მისასალმებელი ფაქტია, რადგან ნასამართლეობა პროფესიულ საქმიანობაში ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდათ.
ფოტოჟურნალისტები ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის ივლისში დააკავეს, ხოლო შემდეგ პირობითი მსჯავსით და საპროცესო შეთანხმების შედეგად გაათავისუფლეს.