ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს „ICC GEORGIA"-ს საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანაში ადანაშაულებს.
სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულმა კომპანიამ საფრანგეთიდან საქართველოში, სარფის საბაჟოს გავლით, 300 კილოგრამი დამაძინებელი ყაყაჩოს - PAPAVER SOMNIFERUM L თესლი შემოიტანა.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებებს - „მორფინსა" და „კოდეინს" შეიცავს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა ნივთიერების შემოტანის ნებართვა გასცეს, რის გამოც მათი პასუხისმგებლობის საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.
მისი თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც იურიდიული პირისთვის სასჯელის სახით, ჯარიმას 100 000 ლარით ითვალისწინებს, ან ლიკვიდაციას.