შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში, ევროპის საბჭოში გაემგზავრა. 25 მარტს, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ბ-ნ ტორბიორნ იაგლანდთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან ბ-ნ ვოიჩეკ სავიცკისთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების გენერალურ დირექტორთან ბ-ნ ფილიპ ბოიასთან, ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის ჯგუფის (Pompidou) აღმასრულებელ მდივანთან ბ-ნ პატრიკ ფენიქსთან და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებთან.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს ოფიციალურ პირებს შსს-ში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებს გააცნობს. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთაა სამინისტრომ ევროსაბჭოს განსახილველად ახალი პოლიციის ეთიკის კოდექსი პირველად წარუდგინა. განხილვის შემდეგ, მოხდება მისი ოფიციალური დამტკიცება.
გარდა ამისა, შს მინისტრი ხელი მოაწერს მნიშვნელოვან დოკუმენტებს: დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების, კონფისკაციისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას; კორუფციაზე სისხლის სამართლის კონვენციის დამატებით ოქმს; სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მეორე დამატებით ოქმს.
აღნიშნული ოქმების ხელმოწერის ვალდებულება ქართულ მხარეს დაეკისრა ევროკავშირთან სავიზო დიალოგის სამოქმედო გეგმის თანახმად და მათთან მიერთება ხელს შეუწყობს კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებას.