შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლეს.
9 თებერვალსა და 15 მარტს, გორის რაიონის სოფლებში - ქვეშსა და არცევში, ხოლო 14 მარტს - ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთისთვის" 6 მოქალაქე დააკავეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. ალექსანდრე ნადირაშვილი, თემურ ელიაური, დავით ვაშაგაშვილი, ვაჟა მელაძე რუსმა სამხედროებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ხეხილის ბაღებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად მიდიოდნენ, ხოლო ძმები - ჯუმბერ და ჯამბულ დუდაშვილები კი მაშინ, როცა ისინი ნათესავებისგან შინ ბრუნდებოდნენ.
გათავისუფლებული მოქალაქეები ერგნეთიდან შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი დვალიშვილმა გამოიყვანა.