ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე მომხრეა, რომ მათი უწყება სამართლებრივი ზედამხედველობის ქვეშ იყოს.
ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე ქრთამის აღების ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლის თენგიზ მოდებაძის დაკავების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ის, რომ მხოლოდ რიგითი თანამშრომლის მიმართ აღმოჩნდა სამართლებრივი ზედამხედველობის გამოვლინება, გვაძლევს იმედს, რომ ასეთი ფაქტი ზედა ეშელონებში არ არის.
"თენგიზ მოდებაძე, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე იყო დაკავებული, მუშაობდა იმ პოზიციაზე, საიდანაც ბინების მიღება-განაწილებაზე ხელი მეტ-ნაკლებადაც არ მიუწვდებოდა. ეს ფაქტი მოხდა თეთრიწყაროს ობიექტზე, სადაც თავისუფალი ბინები დღსაც არსებობს და ყველას ვთავაზობთ იქ ბინას. ამიტომ, ჩაწყობა არ არის საჭირო", - განაცხადა დავით დარახველიძემ.
მისივე თქმით, იცის, რომ ეს ქრთამი მოდებაძეს "ჩანერგილმა" ადამიანმა გადასცა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომელი თენგიზ მოდებაძე 15 მარტს დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მოდებაძემ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის აშენებულ ახალ საცხოვრებელ კორპუსში, სამ ოთახიანი ბინის მიღების სანაცვლოდ, ერთ-ერთ დევნილ ოჯახს ქრთამის სახით 500 აშშ დოლარი გამოართვა.