თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე 28 ბიზნესმენისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავასა და მის შვილს დავით კოდუას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 600 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
300 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელს.
მათ ბრალად დიდი ოდენობით ქონების მითვისება მოჩვენებითი გარიგებით, ასევე ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება აქვთ წაყენებული. გირაო შეეფარდათ დანარჩენ ბიზნესმენებსაც.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე ბრალდებული 28 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელეს.
ბრალდებულებს შორის იყვნენ მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას დედა ლაურა ღაჭავა.
საქმეს მოსამართლე ბადრი შონია უძღვებოდა. ცეზარ ჩოჩელის ინტერესებს ადვოკატი გოგიტა გაბაიძე იცავდა.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ბანკ „ქართუს" გაკოტრების მცდელობის დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა და საქმესთან რამდენიმე ბიზნესმენის კავშირი აღმოაჩინა.