ადვოკატ გოგიტა გაბაიძის განცხადებით, მოსამართლე ბადრი შონია, რომელიც ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმის საკითხზე მსჯელობს, საქმისადმი ობიექტური ვერ იქნება.
ამის შესახებ გაბაიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბანკ "ქართუსთან" დაკავშირებული საკითხის განხილვისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთან შუამდგომლობს და აღნიშნულ საქმეზე შონიას აცილებას მოითხოვს.
მისი თქმით, ვინაიდან ცეზარ ჩოჩელის ინტერესებს წარმოადგენს, აქვს ეჭვი, რომ მოსამართლე ამ საკითხთან დაკავშირებით ობიექტური ვერ იქნება.
"ვინაიდან, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 1 თებერვალს თქვენი ხელმოწერით მიიღო განჩინება, სისხლის სამართლის საქმეზე - 092191112004, რომლის საფუძველზეც დააკმაყოფილეთ რა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ცეზარ ჩოჩელს და მასთან დაკავშირებულ პირს, ანუ მის მეუღლეს დაუყადაღეთ საქართველოში ყველა ბანკში არსებული ანგარიშები და უძრავ-მოძრავი დააყადაღა ასევე თქვენმა კოლეგამ", - მიმართა შონიას გაბაიძემ.
მისი თქმით, არსებობს ობიექტური, დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მოსამართლე ვერ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ის ბრალდების საწინააღმდეგოდ მოითხოვს.
"თქვენც გთხოვთ, რომ აიცილოთ ეს საქმე და გადაეცეს სხვა მოსამართლეს", - განაცხადა ადვოკატმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე ბრალდებული 28 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ.
ბრალდებულებს შორის არიან მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას დედა ლაურა ღაჭავა.
საქმეს მოსამართლე ბადრი შონია უძღვება. ცეზარ ჩოჩელის ინტერესებს ადვოკატი გოგიტა გაბაიძე იცავს.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ბანკ „ქართუს" გაკოტრების მცდელობის დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა.