საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გაუჩინარებულ პირთა სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიანი და ინტენსიური გამოძიების ჩატარების წინადადებით მიმართავს.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, ომბუდსმენი პროკურორს ასევე იმ ფაქტებზე, რომელზეც გამოძიება ჯერ არ დაწყებულა შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფას სთხოვს.
განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატს წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები მიმართავენ, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტისას და მომდევნო პერიოდში, უგზო-უკვლოდ დაკარგული ეთნიკურად ოსი პირების ადგილსამყოფელის დადგენასა და გაუჩინარების ფაქტების ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ.
"ამასთან, ფიქსირდება ფაქტებიც, რომელიც უკანასკნელ წლებში გაუჩინარებულ საქართველოს მოქალაქეებს ეხება. კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატს ეთნიკურად ოსი პიროვნების რატიკ ისაევის ცხედრის მოძებნის დახმარების თხოვნით მიმართეს. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რატიკ ისაევი ბოლოს, 2008 წლის აგვისტოში გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ კარალეთში, ვინმე თენგიზ გაბარევთან ერთად ნახეს. თენგიზ გაბარევი გადარჩა და შემდეგ ის ტყვეებში გაცვალეს", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების თქმით, არსებული ინფორმაციით, რატიკ ისაევი მოკლეს, მაგრამ სად დაკრძალეს, უცნობია.
მათივე განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში გარდაცვლილ ან დაკარგულ პირთა, ასევე კონკრეტულად, რატიკ ისაევის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით, 2013 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა რეინტეგრაციების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს წერილობით მიმართა.
"2013 წლის 5 მარტს რეინტეგრაციების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა სახალხო დამცველს წერილით აცნობა, რომ მოქალაქე რატიკ ისაევის შესახებ რეინტეგრაციების საკითხთა სამინისტროსთვის არაფერია ცნობილი. მათთან არსებული ინფორმაციით, რასტიკ იკაევი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში ირიცხება, რომლის საქმე გადაეგზავნა პროკურატურას", - აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.
მათივე ინფორმაციით, რეინტეგრაციების საკითხთა სამინისტროს აღნიშნული წერილით სახალხო დამცველის აპარატს ასევე ეცნობა, რომ 2008 წლის აგვისტო-ოქტომბერში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში, ასევე, ირიცხებიან - სულტან პლიევი, ალან ხაჩიროვი, ალან ხუგაევი, თამაზ კაბისოვი და აირბეკ თედეევი.
სახალხო დამცველის აპარატისთვის ასევე ცნობილია, რომ 2007 წლის თებერვალში უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა გალის აფხაზური ადმინისტრაციის თანამშრომელი დავით სიგუა, ხოლო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეები - დავით ცინდელიანი (2008 წლის 16 აგვისტო) და პაატა ქარდავა (2008 წლის 27 აგვისტო).